ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 25 მაისს, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აქტიური მხარდაჭერით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, თბილისში, ‘’ინტერის აკადემიის’’ სტადიონზე, გაიმართა ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის საქართველოს 2023 წლის თასის გათამაშების ფინალურ მატჩი. ჩემპიონის ტიტულისთვის, ერთმანეთს, ზესტაფონის ‘’მარგვეთი’’ და ზუგდიდის ‘’ოდიში’’ დაუპირისპირდნენ. თამაში ანგარიშით 4:3 ზესტაფონის “მარგვეთის”გამარჯვებით დასრულდა და 2023 წლის ჩემპიონის ტიტულიც მას ხვდა წილად. გამარჯვებულ გუნდს, წლევანდელი ჩემპიონის თასი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა გადასცა.

 ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე აფხაზეთის ომის ვეტერანი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში ედგა სათავეში საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციას და მის განვითარებასა და პოპულარიზაციაში არც თუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვის. იგი, 2021 წელს გარდაიცვალა; საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან, საქართველოს თასს, ავთანდილ ჩიხლაძის სახელი დაერქვა.