‘’არმი ჰოლში’’ წიგნის ‘’სამშობლოსათვის ‘’ პრეზენტაცია გაიმართა

Posted by nona shamatava

“აფხაზეთის მეომართა კავშირის” ინიციატივით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და აფხაზეთის ა/რ მთავრობის ფინანსური თანადგომით, თავდაცვის სამინისტროს ‘’არმი ჰოლში” გაიმართა წიგნის – “საქართველოსთვის” პრეზენტაცია, რომელიც აფხაზეთში 1992-93 წლებში, საქართველო, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული აფხაზეთის მკვიდრი მეომრების ხსოვნას ეძღვნება.

წიგნი, გარდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ისტორიისა, ფართოდ ასახავს ბრძოლების ეპიზოდებს კარტოგრაფიული მონაცემებით და ანალიზით. წიგნში შესულია, ასევე, ქართველი მწერლებისა და პოეტების პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, რომლებიც სამშობლოსათვის დაღუპული მეომრების უკვდავყოფას ეძღვნება.

პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ პატივისცემით გაიხსენეს ის გმირულად დაღუპული მებრძოლები, რომლებიც აფხაზეთში სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპნენ. 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობას, აფხაზეთის მეომართა კავშირს და ყველა იმ პირს, რომლებმაც აღნიშნული წიგნის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა. ‘’… ჩვენი ის თანამებრძოლები და მეგობრები, რომლებიც უკვდავებაში გადავიდნენ, ალბათ, თავგანწირვას მიიჩნევდნენ არა გმირობად, არამედ ვალდებულებად თითოეული თქვენგანის და ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერთიანობის წინაშე. ზუსტად ამ მარადისობაში გადასული კაცების და ქალების, ჩვენი თანამებრძოლების, ღირსეული შვილების უკვდავყოფის წუთებს ვითვლით ჩვენ აქ და მათი საარაკო თავგანწირვის წიგნის პრეზენტაციაზე ვიმყოფებით. ჩვენ ქედს ვიხრით თითოეული მათგანის მარადიული ხსოვნის წინაშე. როგორც კი გადაშლი და იწყებ კითხვას, როგორც დოკუმენტური მასალა, თვალწინ იშლება ის ტკივილი, ის მწარე და ამავე დროს , ღირსეული წუთები, რომლებსაც ითვლიდა თითოეული თქვენგანი, ითვლიდა ჩვენი სამშობლო, რამეთუ თავიდანვე დამარცხებისთვის განწირული ბრძოლის წინაშე არავის ქედი არ მოუხრია; პირიქით_ლაღად მხარგაშლილებმა გადააბიჯეს უკვდავებაში! ბრძოლა კი… ბრძოლა გრძელდება! ომი გრძელდება, რადგან ენგურს იქითაც საქართველოა! ჩვენ ვიცით ერთი რამ_როგორც არ უნდა ვიტრიალოთ ამ ჟამში, იმაზე მეტი მშვიდობისმყოფელი, ვიდრე ადამიანი, ვინც თოფით იბრძოდა, არ არსებობს! აქედან გამომდინარე, ჩვენ უდავოდ ვართ ვალდებულები, ერთი ცის ქვეშ ვიცხოვროთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში უნდა ვიპოვნოთ იმის უნარი, როგორც ამ ქვეყნის მეპატრონეებმა, რომ გაცილებით მეტი სულიერება და მიმტევებლობა გამოვიჩინოთ, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, გვქონდეს უნარი არა მარტო თავგანწირვის, არამედ ბრძოლის… სიცოცხლე გრძელდება და ჩვენ ვართ ვალდებულები, აფხაზეთის თბილ, ტკბილ და ძლიერ მიწაზე, საფუძველი დავუდოთ ახალი ნერგის ჩამოყალიბებას. ჩვენ იმედით უნდა ვუყუროთ მომავალს! ვსარგებლობ შემთხვევით და ვიტყვი_ თუნდაც სხვადასხვა აზრის და ხედვის ადამიანები ცალკე ვერაფერს შევძლებთ! თუნდაც სხვადასხვა აზრის და ხედვის მქონე, ამ კრებულში მოხსენიებული გმირები, ერთად ქმნიან ისტორიას, ისევე, როგორც სამაჩაბლოს კონფლიქტის დროს სამშობლოს შეწირული ბიჭები და გოგონები! მინდა, ქედი მოვიხარო იმ გმირი დედების წინაშე, რომლებმაც ყველაზე მეტი სიტკბოება მოიცილეს მკერდიდან, ყველაზე სანუკვარი და საყვარელი შესწირეს თავიანთ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს,‘’_აღნიშნა თავის გამოსვლაში კობა კობალაძემ.

” 28 წელი დასჭირდა იმას, რომ მეორე საარმიო კორპუსის შემადგენლობაში შემავალი ნაწილების, იქ მებრძოლი გმირულად დაღუპული ბიჭების გვარები დაბეჭდილიყო. ამ ბიჭებმა შექმნეს და დღემდე მოიტანეს  ჩვენი საქართველო. ომი უბედურებაა, მაგრამ მე ბედნიერი ადამიანი ვარ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი მებრძოლი, რომ ამ ბიჭებთან ერთად მომიწია ბრძოლა. ჩვენ, ვინც გადავრჩით, ამ ბიჭების დამსახურებაა და ყველაზე დიდი დამსახურებაა თქვენი, ვინც სამშობლოს ასეთი შვილები აღუზარდეთ.”- განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ და წიგნის საკონსულტაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ჯანდრი უბირიამ.

პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ მაიორი ზაზა ჩხაიძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უზენაესი საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთის მეომართა კავშირისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებ,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.