აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საპატრიარქო ტაძარში

Posted by nona shamatava

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც  1992-93 წლებში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

გარდაცვლილთა ოჯახებისთვის თანაგრძნობის გამოსახატად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ასევე, იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი.

თითქმის 30 წლიანი მცდელობის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 1992 წლის 5 ოქტომბერს, გაგრაში ბრძოლების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული ბატალიონ ‘’ორბის’’ წევრის, კონსტანტინე ანდრიაძის ნეშტი ოჯახს დაუბრუნდა; მას, 14 აგვისტოს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ასევე, იდენტიფიცირებულ და გადმოსვენებულ იქნა უკრაინული სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია ‘’უნა-უნსოს’’ მეომრის, ლეონიდ ტკაჩუკის ნეშტი, რომელიც 1993 წლის 19 ივლისს, სოფელ შრომასთან აფხაზურ-რუსულ ფორმირებებთან, კავკასიელ კონფედერატებთან და კაზაკებთან შეტაკებების დროს დაიღუპა და სოხუმში, კურჩენკოს პარკში იყო დაკრძალული; მას, ოჯახის გადაწყვეტილებით, ხვალ, ლვოვში, თანამებრძოლების გვერდით, საძმო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ოჯახების თხოვნით, სოხუმიდან იქნა გადმოსვენებული აფხაზი ბოევიკების მიერ საკუთარ ეზოში დახვრეტილი ცოლ-ქმრის_ ალექსანდრე ჯანჯღავას და ვენერა დიხამინჯიას და აფხაზი სეპარატისტების მიერ წამებით მოკლული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის ცალკეული სარემონტო-აღდგენითი ბატალიონის მებრძოლის, აჩიკო კამკიას ნეშტებიც, რომელთაც, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით,  ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, 589 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 211 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. მთლიანობაში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად,  2 345 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.