მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სისხლის უანგარო დონაციის აქცია – “ვეტერანები სიცოცხლის გადასარჩენად” ჩატარდა.

აქციის ფარგლებში, სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ექიმებმა, დონორობის მსურველი უწყების თანამშრომლებისა და ვეტერანებისაგან ჩაიბარეს სისხლი, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებს მოხმარდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სისხლის უანგარო დონაციის აქციაში წელიწადში რამდენიმეჯერ იღებს მონაწილეობას.

“ვეტერანები ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის იდგნენ სიცოცხლის სადარაჯოზე_ საკუთარი სისხლით იცავდნენ ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს. დღესაც ასე გრძელდება. მადლობა ვეტერანებსა და სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში. თითოეული ადამიანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში. სიკეთე გადამდებია!” – აღნიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ამურ რევიშვილმა.

სისხლის უანგარო დონაციის აქციაში 20-მდე ვეტერანმა მიიღო მონაწილეობა.