ბაკურიანში პარათხილამურის ჩემპიონატი – ბაკურიანი 2023 გაიმართა

Posted by nona shamatava

ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  დაბა ბაკურიანში, მეოთხედ საქართველოს და მთელი ჩვენი რეგიონის ისტორიაში,  მამაკაცებს შორის პარათხილამურის ჩემპიონატი – ბაკურიანი 2023 გაიმართა.

სხვადასხვა დისციპლინაში ერთმანეთს დაუპისპირდნენ თბილისის, ვანის, საგარეჯოს, რუსთავის, მარნეულის, გორის, ზუგდიდისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 50 პირი.

მონაწილეებმა დიდი მონდომებით იბრძოლეს ჩემპიონობისა და გარდამავალი თასისთვის, თუმცა, პირველი ადგილი, სამშვიდობო მისიაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, ქუთაისელმა შოთიკო ჯანელიძემ მოიპოვა და გარდამავალ თასსაც, ერთი წლით, ქუთაისი უმასპინძლებს. რაც შეეხება მეორე ადგილს, ის წილად ხვდა  ომის ვეტერანს მარნეულიდან, გიორგი მანჯიკაშვილს, ხოლო მესამე ადგილზე, 2008 წლის ომში დაჭრილი ვეტერანი, თბილისელი  გიორგი ჩაფიძე გავიდა.

გამარჯვებულებს, ჩემპიონატის სპეციალური მედლები და დიპლომები ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარემ, ხატია გავაშელმა გადასცა.

ჩემპიონატს გენერალური სპონსორობა ’’ პლატფორმა ინიციატივამ’’ გაუწია; სპონსორები კი გახლდათ  კომპანია „სოკარი“ და „ტოიოტა კავკასია“.

ღონისძიება გაიმართა პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში და ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.