ბენეფიციართა დახმარება კვლავ გრძელდება

Posted by nona shamatava

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მუშაობას აგრძელებს და კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარებას უწევს უწყების შეჭირვებულ და  ასაკობრივი რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციარებს. სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტები ბენეფიციართა განცხადებებზე მყისიერად ახდენენ რეაგირებას. დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ უწყების სხვა განყოფილებები.

სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად, ომისა და თავდაცვის ძალების მარტოხელა, მხცოვან ვეტერანებს და განსაკუთრებით შეჭირვებულ უწყების შშმ ბენეფიციარებს, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს ურიგებენ. ვეტერანთა თანადგომის სურვილი გამოთქვეს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ბათუმში_  შ.პ.ს. ‘’ოლდ ბათუმის’’ ხელმძღვანელებმა, უწყების აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსთან, შოთა ყიფიანთან ერთად, სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ, მარტოხელა ვეტერანებს სასურსათო კალათები გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს!