გაგრის დაცემიდან 28 წელი გავიდა

Posted by nona shamatava

დღეს გაგრის დაცემიდან 28 წელი გავიდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ნუგზარ კაიშაურმა, უწყების ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სოსო კობეშავიძემ, ვეტერანებმა, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაცემულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

1992 წლის 1 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, გაგრაზე შეტევა დაიწყო. აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩრდილო კავკასიელ კონფედერატებთან და რუსულ სამხედრო შენაერთებთან ერთად, ქართულ მხარეს შეუტიეს. ქართველმა ჯარისკაცებმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, ქალაქის დასაცავად თავდაუზოგავად იბრძოდნენ, თუმცა, თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, მტერმა, 2 ოქტომბერს, ქალაქი ალყაში მოაქცია.

გაგრა ქართული მოსახლეობისგან იცლებოდა; ვინც ქალაქის დატოვება ვერ მოახერხა, მათ საშინელი სისასტიკით გაუსწორდნენ. მოწინააღმდეგის სამხედრო შენაერთებმა, დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი განახორციელეს. გამოძიების მიერ მოკვლეული მასალებით, გაგრაში, ორ-სამ დღეში, 700-მდე ქართველი დახვრიტეს.

გაგრისთვის ბრძოლაში არა ერთი ქართველი მეომარი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური პატივს მიაგებს გაგრაში დაცემულ გმირებს და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს მათ ოჯახებს.