გამწვანების აქცია სამშობლოსათვის დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად

Posted by nona shamatava

საქართველოს „მეტყევეთა კავშირის ინიციატივით“ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, დღეს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად გამწვანების აქცია ჩატარდა_ 150 ძირი ხე დაირგო.

აქციაში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უწყების თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა:

„საქართველოს მეტყევეთა კავშირის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და ახალგაზრდების ორგანიზებით,  თბილისის ზღვაზე, ფერდობზე მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები. ამ ყველაფრის ფუძემდებელია ბატონი ბესო, მადლობა მინდა ვუთხრა მას.

ამ ქვეყანაში ყველაფერი, რაც კეთდება და გაკეთდება, მომავალზეა ორიენტირებული. მომავალი კი ისეთი რამეა, რომელიც გმირების და ერის შვილების მაგალითით უნდა იზრდებოდეს.“-განაცხადა კობა კობალაძემ.

როგორც საქართველოს მეტყევეთა კავშირის თავმჯდომარემ, ბესო ყველაშვილმა განაცხადა, აქციის ფარგლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5000-მდე ნერგი  დაირგვება.

„ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების საპატივცემულოდ უნდა დავრგოთ 5000 ძირი ნერგი, რომელიც იქნება „საქართველოს მეტყევეთა კავშირის“ მოვლა-პატრონობით.

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, დაირგო 150 ძირი ნერგი, აქედან, 100 ცაცხვია და 50 იფანი. ამით გამოვხატავთ ჩვენ პატივისცემას. აქცია გაგრძელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. იმედი გვაქვს, რომ მალე სოხუმშიც დავრგავთ ნერგებს.“-განაცხადა ბესო ყველაშვილმა.