გენო ადამიას სახელობის ტურნირი ძიუდოში

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 01-02 აპრილს, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის  ორგანიზებით,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და საქართელოს ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის  დარბაზში გაიმართა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში, 12 წლამდე  ვაჟებსა და გოგონებს შორის. ტურნირში, ჩვენი ქვეყნის 300-მდე  მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე  და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია იყვნენ მიწვეულნი. მათ, მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მოზარდ ძიუდოისტებს წარმატებები უსურვეს.

გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სპეციალური სიგელები, გადაეცათ. ტურნირის არბიტრთა შორის გახლდათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსი, აფხაზეთის, სამაჩაბლოს და 2008 წლის ომების ვეტერანი, სპორტის ოსტატი ჭიდაობა ძიუდოში, ეროვნული კატეგორიის მსაჯი, გია ედილაშვილი.

გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

2020 წლის 22 სექტემბერს, გენო ადამიას, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, ხოლო 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. გენერალ-მაიორი გენო ადამია დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.