მიმდინარე წლის 30 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, უწყების კახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში იმყოფებოდნენ, სადაც ტრადიციული დღესასწაული ‘’ჯიმშერობა’’ აღინიშნებოდა, რომელიც გმირი ქართველი სამხედრო მფრინავის, ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძის ხსოვნას მიეძღვნა. სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, სახელოვანი მფრინავის საფლავი და მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გმირის ხსოვნის პატივსაცემად, გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში, რომლებშიც ადგილობრივი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას.
პოლკოვნიკი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949 წლის 3 თებერვალს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში დაიბადა. ავღანეთის ომის მონაწილე, უშიშარი მფრინავი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდა. მისი ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის, აფხაზ სეპარატისტებს, რომლებიც ქართველ მფრინავს, ‘’ვოზდუშნი ხულიგანს’’ უწოდებდნენ, ხოლო რუსები ‘’შავ პოლკოვნიკს’’, (‘’ჩორნი პოლკოვნიკ’’) ჯილდოდ ათასობით მანეთი ჰქონდათ დაწესებული. 1992 წლის 26 დეკემბერს, ქართველი მფრინავის საბრძოლო ვერტმფრენი „МИ-24“ მდინარე კოდორის ხეობაში პატრულირებდა, როცა აფხაზების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საარტილერიო ქვემეხის ხმა გაისმა; ჯიმი მაისურაძის ვერტმფრენი ლესელიძესა და ვლადიმირის ტერიტორიაზე განთავსებულ სასაფლაოსთან ჩამოვარდა, საიდანაც მეომრებმა პილოტი გადმოიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
გმირი მფრინავის საფლავზე, დღემდე დგას ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი, რომელიც მეგობარმა მის საფლავზე დასვა.
ჯიმი მაისურაძის სამი ვაჟიდან ორი, გმირი მამის კვალს გაჰყვა _ დღეს ისინი უკვე პროფესიონალი მფრინავები არიან.
ლეგენდარული ქართველი მფრინავი ჯიმი მაისურაძე, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.