დაბრუნება 27 წლის შემდეგ

Posted by nona shamatava

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში უგზოუკლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების კომისიის და საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული მებრძოლები, 27 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდნენ. 1990-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 8 მებრძოლია ამოცნობილი და მათი ნეშტები ოჯახებს გადაეცა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრები არიან: რევაზ ნაროუშვილი, ზურაბ ჯიდოშვილი, შაქრო ხვიჩია, როინ შამუგია, ალექსანდრე გეორბელიძე, ბესარიონ აბულაძე, შმაგი გოგშელიძე, გიგლა აბლოთია.

 14 აგვისტოსოს, 18:00- ზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

15 აგვისტოს 14:00-ზე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარიდან გაიმართება გმირულად დაღუპული მებრძოლების გადასვენება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხების მოძიების, ნეშტების ამოცნობისა და მათი ოჯახებისთვის გადაცემის საკითხებზე. შექმნილია ერთობლივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ქართველი, ოსი, რუსი და აფხაზი მონაწილეებისგან შედგება. ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ. შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, 500-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, ამათგან 200-მდე ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა