დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია 100 წლისაა

Posted by nona shamatava

100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს,  დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკამ,   1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს  კონსტიტუცია მიიღო.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სამი წლის თავზე, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ მიიღო დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის  კონსტიტუცია. საბჭოთა რუსეთის თავდასხმის გამო, კონსტიტუციის მიღება, ომის ქარცეცხლში მოუწია ქვეყანას.  საქართველოს მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ, 24 თებერვალს, ღამით, დატოვა დედაქალაქი. ისინი ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, ხოლო შემდეგ, 17 მარტამდე, ბათუმში დარჩნენ, სწორედ ამის გამო, ქვეყნის კონსტიტუციის დაბეჭვდა ქალაქ ბათუმში მოხერხდა, სათაურით:

 „საქართველოს კონსტიტუცია მიღებული საქართველოს დამფუძნებლი კრების მიერ 1921 წლის თებერვლის 21“.

1921 წლის კონსტიტუცია, სახელმწიფოს ძირითადი კანონი, ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო  იმ დროინდელ ევროპის კონტინეტზე.  აღნიშნული კონსტიტუცია, საქართველოს აცხადებდა განუყოფელ, ერთიან თავისუფალ სახელმწიფოდ, სცნობდა ადამიანის უზენაესს უფლებებს, პიროვნების ხელშეუხებლობას და ქვეყანაში კრძალავდა სიკვდილით დასჯას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის პირველმა კონსტიტუციამ, ოთხ დღეს იარსება,  მაინც უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.