დღეს, საქართველოში, სამხედრო მედიცინის დღე აღინიშნება

Posted by nona shamatava

1992 წლის 11 აგვისტოს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ახალციხის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალი, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადმოეცა და ეს დღე საქართველოში სამხედრო მედიცინის დღედ იქცა.

საქართველოს ისტორიაში, სამხედრო მედიცინის მუშაკების არა ერთი გმირობის მაგალითია. უამრავი მეომარი მათი ძალისხმევისა და თავდადების წყალობით გადაურჩა ბრძოლის ველზე გარდაუვალ სიკვდილს; სამხედრო ექიმები, ექთნები, პირდაპირ ფრონტის ხაზზე, ბევრჯერ საკუთარი სიცოცხლის, თავგანწირვის ფასად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ქართველი მეომრების გადასარჩენად იბრძოდნენ. თითოეული გადარჩენილი მებრძოლი მათთვის მოგებული ომის ტოლფასი იყო!

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა არა ერთი ჩვენი თანამემამულის თავგანწირვის მომსწრე გაგვხადა, რომელნიც საქართველოს უახლესი ისტორიის უკვდავ გმირებად იქცნენ. მათ შორისაა სამხედრო ექიმი, გიორგი აბრამიშვილი. 11 აგვისტოს ექიმი გიორგი აბრამიშვილი არ დაემორჩილა ევაკუაციის ბრძანებას – სასწრფოდ დაეტოვებინა გორის სამხედრო ჰოსპიტალი. საავადმყოფო იყო პირველი, იმ ობიექტების სიაში, რომელიც რუსული ავიაციის სამიზნე უნდა გამხდარიყო. ეს ყველაფერი ექიმს უთხრეს, მაგრამ ის მაინც მარტო დარჩა მთელ ჰოსპიტალში, რადგან სიცოცხლის ბოლო წუთამდე მზად იყო დაჭრილი სამხედროების დასახმარებლად. გიორგი აბრამიშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს, გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჰოსპიტალის დაბომბვისას დაიღუპა. გორის სამხედრო ჰოსპიტალს, გიორგი აბრამიშვილის სახელი მიენიჭა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური პატივს მიაგებს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ სამხედრო მედიცინის ყველა მუშაკს და ქედს იხრის მათი ხსოვნის წინაშე.