დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღინიშნება

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა.

“მოგილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავს და თითოეულ თქვენგანს  კვირაცხოვლობას.   მეორე მსოფლიო ომში  ჩართული  იყო 72 სახელმწიფომდე, აქედან 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა უშუალოდ  საომარი მოქმედებები. საქართველო პროცენტულად იყო ერთ-ერთი პირველი თავისი შვილებით, რაოდენობით, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში მიიღეს მონაწილეობა. 700 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იყო წარგზავნილი, საიდანაც 300 ათასზე მეტი ვერ დაბრუნდა. ძალიან მძიმეა და ძალიან ძნელია, მოგვეპოვებინა საქართველოში ის ოჯახები, რომლებიც არ იყვნენ პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული  იმ ტრაგედიასთან მეორე სამამულო ომის დროს. 

სიმბოლურია, რომ ეს შეხვედრა იმართება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში. აქ ბრძანდებოდა მთავრობის ხელმძღვანელობა მთელი თავისი შემადგენლობით. კიდევ ერთხელ, მე მინდა, უდიდესი პატივისცემით და მოკრძალებით მივულოცო ჩვენ გმირ წინაპრებს ამ ერთ-ერთ მასშტაბიან და ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლაში გამარჯვება,”- განაცხადა კობა კობალაძემ. 

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში,  ასევე იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბრია, სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები.

უახლესი მონაცემებით, დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 263 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეს ითვლის.