დღეს ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების დღეა

Posted by nona shamatava

28 წლის წინ, 1992 წლის 23 ივლისს, ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა – დავით ასაბაშვილმა და გოჩა ასაბაშვილმა, ასევე, მოხალისეებმა – სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა საქართველოში საინჟინრო-მესანგრეთა პროფესიული დღე.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში ინჟინერ-მესანგრეებმა დიდი წვლილი შეიტანეს და თავდადების არა ერთი მაგალითი გვაჩვენეს. აღსანიშნავია მათი ღვაწლი მშვიდობიანობის დროსაც _ მათ არა ერთი სიცოცხლე იხსნეს თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ქართველ სამხედრო ინჟინერ-მესანგრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს და დღეგრძელობას, კეთილდღეობას, ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს!