ვლადიმერ იმნაძემ შინდისში გმირულად დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი გვირგვინებით შეამკო

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და საქართველოსთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად, შინდისში, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია და უწყების თანამშრომლები. 

შინდისის ბრძოლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა, რომლის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ დახმარება ორჯერ გამოიძახა. მტერი, ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით, თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან.

17-მა ქართველმა მებრძოლმა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა და გმირულად დაიღუპა. 2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი, გმირთა მემორიალად იქცა.
შინდისის გმირები:
ალექსანდრე ონიანი, რომან ზოიძე, თეიმურაზ ბერიძე, ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, მიხეილ დვალიშვილი, ირაკლი ჯანელიძე, ფელიქს კაკაურიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, ვეფხია ჯიშკარიანი, შმაგი (ბაჩო) კუპატაძე, მარლენ ბარამია, ნიკოლოზ ფორჩხიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ზვიად კაცაძე.
დიდება გმირებს!