ზუგდიდში ვეტერანებისთვის თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 11 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო მაღალტექონოლოგიური აპარატურით აღჭურვილმა, კვალიფიციურ მედიკოსთა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) 10 კაციანმა ჯგუფმა.

 საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 89 ბენეფიციარს_ 65 ვეტერანსა და ვეტერანთა ოჯახის 24 წევრს. განხორციელდა 95 სამედიცინო ვიზიტი.

 აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელოს სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია.

 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება და უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.