თბილისის „თბილისი“ ჩემპიონი გახდა

Posted by nona shamatava

დღეს, სპორტ-კომპლექს “იმედის” – სტადიონზე, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი 2020 – ის ფინალური მატჩი გაიმართა.
მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის “თბილისი” და ზესტაფონის “მარგვეთი”. გამარჯვება და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, თბილისის “თბილისმა“ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი, მონაწილეობას მიიღებს 2021 წლის “ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასის” გათამაშებაში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილ-დასახიჩრებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, რომლებიც დღევანდელ მატჩში იღებდნენ მონაწილეობას, თბილისის “თბილისი”-ს გუნდის წევრებს: გიორგი გვალიას, ანატოლი ორობინსკის, მამუკა გელაშვილს, თამაზ შამუგიას, დავით ჩადუნელს, ზესტაფონის “მარგვეთის” შემადგენლობაში: რაინდი ბახტაძეს და ბენიამინ ჩაკვეტაძეს, სპეციალურად მათთვის მომზადებული სასაჩუქრე-სამახსოვრო პაკეტები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ და დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ გადასცეს.
გამარჯვებულ გუნდს, თბილისის “თბილისს” გადაეცა ფულადი ჯილდო 4000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულ ზესტაფონის “მარგვეთს” კი _2500 ლარი. გუნდებს, ასევე, გადაეცათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები და მედლები.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს თბილისის „ თბილისს“ გამარჯვებას და საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებებს უსურვებს.