თბილისში ერეკლე დანელიას სახელობის ქუჩა გაიხსნა

Posted by nona shamatava

არასამთავრობო ორგანიზაცია ” დაიცავი შენი წილი სამშობლოს”-ს ინიციატივით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მიღებული  №400 განკარგულების თანახმად, ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ერეკლე დანელიას სახელი მიენიჭა.

22 სექტემბერს, ქუჩის გახსნის ცერემონიას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და ადმინისტრაციის უფროსი ნათია ჯანაშვილი ესწრებოდნენ.

საბრძოლო შენაერთ “მხედრიონის” მებრძოლი, ერეკლე დანელია დაიბადა 1956 წელს. 1972 წელს დაამთავრა თბილისის 126 საშუალო სკოლა და ჩააბარა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1977 წელს; მუშაობდა ჯერ ფიზიკის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ გადავიდა გეოლოგიურ ექსპედიციაში გეოფიზიკოსად. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ტრაგიკულად დაიღუპა სოხუმში, ერეკლე დანელია, 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში, რუსული საბრძოლო შენაერთების მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში აფეთქდა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

ერეკლე დანელია (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია მედლით, “მხედრული მამაცობისთვის და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.