თემურ სახოკიას სახელობის ტურნირი ბოულინგში

Posted by nona shamatava

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კომპანია „სოკარის“ თანადგომით, ბოლრუმის ადაპტირებულ დარბაზში   – აფხაზეთის ომის შშმ ვეტერანის, გასულ წელს გარდაცვლილი, თემურ სახოკიას სახელობის ბოულინგის ინტეგრირებული ტურნირი საქართველოს პირველობაზე –2021 გაიმართა.

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებებში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, პარასპორტსმენებმა, შშმ პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა – სულ 32 ადამიანმა.  

ჩემპიონატის მონაწილეები, თანაბრობის პრინციპითა და სოლიდარობის ნიშნად, ეტლებში ჩასხდნენ და ასე იასპარეზეს. ჩემპიონატი წარიმართა ოლიმპიური სისტემით. კენჭისყრით დაკომპლექტდა 8 ოთხკაციანი გუნდი, რომელთაგანაც გამოვლინდა გამარჯვებული ოთხეული, ასევე, ინდივიდუალური პირველადგილოსნები გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომლებსაც გადაეცათ ფულადი პრიზები, გარდამავალი თასი, დიპლომები და მედლები.

„პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას“ ფარგლებში, წელს, პირველად გაიმართა თემურ სახოკიას სახელობის ჩემპიონატი და დამკვიდრდა მისი  სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ამიერიდან, 1 წლით გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. სიმბოლურია, მაგრამ ნიშანდობლივი, რომ სწორედ თემურ სახოკიას ვაჟმა, ლუკამ აჩვენა საუკეთესო შედეგი ინდივიდუალურ მაჩვენებელში და გამარჯვებაც მოიპოვა.

„ჩვენი მიზანია, საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა სპორტულ-შემოქმედებით და სოციალურ პროექტებში ჩართულობის გზით.“ -განაცხადა ახალგაზრდული მედიაკავშირისა და პროექტის დირექტორმა, ხათუნა გავაშელმა.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.