კობა კობალაძემ აჭარის მთიანეთში მცხოვრებ ვეტერანებს სახალხო დღესასწაული – ”შუამთობა” მიულოცა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და აჭარის ა.რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და ვეტერანებთან ერთად, კურორტ ბეშუმში, სახალხო დღესასწაულს, “შუამთობას” დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, კობა კობალაძე, ხულოს ,,ვეტერან ფერმერთა ასოციაციის” წევრებს შეხვდა. ისაუბრეს როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომლებიც ადგილობრივი ვეტერანი მეწარმეების მხარდაჭერას გულისხმობს. სახალხო დღესასწაულზე, ცხინვალის ომის ვეტერანს, ოთარ მეხეშიძეს, ,,საპატიო ხულოელის” წოდება მიენიჭა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვეტერანს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დღესასწაული უხუცესთა ანსამბლმა ,,ბერმუხამ“ გახსნა. კონცერტზე ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად, ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ. საკონცერტო ნაწილის შემდეგ, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები: მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობასა და დოღში.

ხულოს მუნიციპალიტეტის ხეობების მიხედვით მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში ტრადიციული კერძების, რეწვის ნიმუშებისა და ძველი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა/გაყიდვა გაიმართა. სტუმრებმა ადგილზე დააგემოვნეს აჭარული ტრადიციული კერძები,

„შუამთობა” უძველესი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება.