კობა კობალაძემ საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გამართა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 14 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან ვეფხვაძესა და ასოციაციის იურიდიულ დირექტორს. ნიკოლოზ ნანუაშვილს უმასპინძლა.

კობა კობალაძემ, სტუმრებს გააცნო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა და ის გამოწვევები, რომლებიც სამსახურისა და სახელმწიფოს ერთიანი ძალისხმევის მიუხედავად, ვეტერანთა წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა დაძლევაშიც, სახელმწიფოსთან ერთად, საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. სტუმრებმა მადლიერება გამოხატეს იმ ღვაწლისთვის, რომელიც ვეტერანებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გასწიეს და აღნიშნეს, რომ  ვეტერანთა თანადგომა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.   

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და  საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციას შორის, ასევე, ბიზნესსექტორთან შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის  გასაუმჯობესებლად  ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და მათი განხორცილების შესაძლებლობებს გულისხმობს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სამსახურთან ერთად, განსაზღვრავენ თანამშრომლობის პრიორიტეტებს  ვეტერანთა ეფექტიანი მხარდაჭერისთვის.

კობა კობალაძემ, სტუმრებს, ვეტერანთა თანადგომისა და სამსახურთან თანამშრომლობის სურვილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი, ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.