კობა კობალაძესა და რუსლან აბაშიძეს შორის შეხვედრა გაიმართა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 9 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უწყებაში, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს უმასპინძლა.

მხარეებს შორის საუბარი ყველა იმ საკითხსა და პროექტს შეეხო, რომელთა ერთობლივად გადაწყვეტა და განხორციელება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის, საზოგადოებაში მათი მეტად ინტეგრაციისა და მათი პოტენციალის სათანადოდ გამოყენებისკენ.

რუსლან აბაშიძემ ისაუბრა ვეტერანთა დროებითი და ხანგრძლივი განსახლებასა და მცირე და საშუალო ბიზნესში მათ ხელშეწყობაზე, ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო პროგრამებზე საქართველოს სხვადასხვა საკურორტო ზონებში. საუბარი, ასევე, შეეხო აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ, ჯვარსა და თბილისში გახსნილ პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში ვეტერანთა გადამზადებაზე, მათი დასაქმებისთვის ხელის შეწყობის მიზნით. რუსლან აბაშიძე, კობა კობალაძეს საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთათვის სტადიონის გადაცემას დაჰპირდა და მათთვის შესაფერისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობაში დახმარებაც აღუთქვა. მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ვეტერანთა პოტენციალის გამოყენებაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში: ‘’მივიჩნევ, რომ ვეტერანთა პოტენციალი, მათი რესურსი უფრო მეტად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის ტოტალური თავდაცვის სფეროსა და მეორე მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ვეტერანებს საზოგადოებაში ჰქონდეთ ის ადგილი, რომელიც მათ, თავიანთი ცხოვრებით დაიმსახურეს‘’_ განაცხადა კობა კობალაძემ.

‘’ის, ვინც გუშინ იარაღით იბრძოდა, ყველაზე უკეთ იცის მშვიდობის ფასი და მას პოლიტიკოსსა და დიპლომატზე უკეთ შეუძლია იმ მხარეს ელაპარაკოს, ვის წინააღმდეგაც გუშინ იბრძოდა,’’_აღნიშნა რუსლან აბაშიძემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობას შორის, გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ბენეფიციართათვის აუცილებელ ყველა სეგმენტს მოიცავს და რომლის ფარგლებშიც, ვეტერანთათვის, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.