კობა კობალაძე ავთანდილ რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრო

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 20 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი,გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ომის ვეტერანის, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ფერწერული ტილოების პერსონალურ გამოფენას დაესწრო.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 100-ზე მეტი ფერწერული ტილო_ პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები, რელიგიურ და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მისი მშობლიური კუთხის_რაჭის პეიზაჟებს.

ბატონი ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი მხატვარი გახლავთ. მან, ხატვა, 65 წლის ასაკში დაიწყო; როგორც თავად ამბობს, ფერწერა, მისთვის, ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაცაა ომის და საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. ეს გამოფენა, რომელიც 1 მარტამდე გასტანს, მისი რიგით მეხუთე პერსონალური გამოფენაა.

ავთანდილ რეხვიაშვილი სპორტსმენიც გახლავთ; იგი სპორტის ოსტატია ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში; იყო საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრებთა გუნდების წევრი.

წლების განმავლობაში, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, კადრების მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილედ; ასევე, გახლდათ სამხედრო საზღვაო ძალების კადრების განყოფილების უფროსის მოადგილე და უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

20 თებერვალს, ავთანდილ რეხვიაშვილი იუბილარი გახლდათ. მას 70 წელი შეუსრულდა. ვეტერანს, დაბადების დღე, კობა კობალაძემ მიულოცა, მას, სამსახურის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

‘’რასაც აქ ვუყურებთ, არის თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის მებრძოლი, გულიანი, ბეჭგაშლილი კაცის შემოქმედება. ეს არის ისტორია. ბატონი ავთო არის ვეტერანი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ღირსეული მოქალაქე, დამსახურებული სპორტსმენი და, ამასთან ერთად, ნიჭიერი ადამიანი. ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია და თქვენ ხედავთ,რამხელა შემოქმედების, უნარის და პოტენციალის პატრონია იგი. ღმერთმა მისცეს მადლი და სიკეთე თავის ოჯახთან ერთად და კიდევ ბევრი შეექმნას ჩვენი ქვეყნის სადიდებლად’,-აღნიშნა კობა კობალაძემ.

გამოფენის გახსნას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, პოეტი ერეკლე საღლიანი,  საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, ავთანდილ რეხვიაშვილის ოჯახის წევრები, მედიის წარმომადგენლები.