კობა კობალაძე მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონისა და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ხელმძღვანელებს შეხვდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 13 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ხელმძღვანელებს უმასპინძლა.

კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ტოტალური თავდაცვის პრინციპებისა და იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების სწორად, მიზანმიმართულად წარმართვა და ქვეყნისთვის პასუხისმგებლობით, მაღალი სახელმწიფოებრივი თვითშეგნებით სავსე მოქალაქეების აღზრდა. ამ არსებითად მნიშვნელოვან საქმეში საგულისხმო და დასაფასებელია ის ძალისხმევა, რომელსაც გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია’’საქართველოს სკაუტები’’გასწევენ. მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამიტომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, თავისი ინტელექტუალური საკადრო რესურსით, მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობებით, მზადაა, თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს ახალგაზრდა თაობის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სხვადასხვა მიმართულებით_ საველე,  სამედიცინო, ტოპოგრაფიულ, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, მეკლდეურობისა და იმ სფეროების სწავლების პროცესში, რომელთა ცოდნაც აუცილებელია როგორც საომარი მოქმედებების, ასევე, ექსტრემალური სიტუაციებისა და სტიქიური უბედურების დროს;

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი,მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასობით 14-21 წლის მოზარდსა და ახალგაზრდას აერთიანებს; ხელმძღვანელმა, პაატა გიგაურმა ორგანიზაციის სტრუქტურაზე, განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოს რეგიონებში უფრო მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული ახალგაზრდულ ლეგიონში; კობა კობალაძემ მას მხარდაჭერა აღუთქვა.

ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია ‘’საქართველოს სკაუტები’’ საქართველოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში, 18 წლამდე ასაკის 3000-მდე წევრს აერთიანებს. ორგანიზაცია საერთაშორისო სკაუტური მოძრაობის წევრია და, ძირითადად, მისი პრინციპებით ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მურთაზ გურჩიანმა და აღმსასრულებელმა მდივანმა, გიორგი ხვინთელანმა მუშაობის სპეციფიკასა და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებზე ისაუბრეს; განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება  თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული გვარდიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომაზე.

სტუმრებმა, კობა კობალაძეს, მოწვევისა და თანადგომის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადეს; მხარეები შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებსა და სასწავლო-საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროგრამების ერთობლივად შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრას,ასევე,ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი,ვლადიმერ იმნაძე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.