კობა კობალაძე: “ჟიული შარტავა იყო კაცი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და თავისი სიკვდილით სიკვდილსაც კი აჯობა! “

Posted by nona shamatava

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და მისმა მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან ერთად, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა.

“ჟიული შარტავა იყო კაცი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და თავისი სიკვდილით, სიკვდილსაც კი აჯობა. სიცოცხლეშიც ის იყო გამორჩეული ადამიანი, გამორჩეული ლიდერი და სამაგალითო პიროვნება,” _განაცხადა კობა კობალაძემ.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც, აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილო-კავკასიელმა კონფედერატებმა, იგი თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. 2004 წელს, ჟიული შარტავას, პირველს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი, სიკვდილის შემდეგ, ასევე, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.