კობა კობალაძე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს შეხვდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს შეხვდა.

კობა კობალაძე, გასული წლის ოქტომბერში, რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებთან მისი მორიგი ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა შიდა ქართლში, კერძოდ კი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ვეტერანებს. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც სამაჩაბლოს ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ და მათი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ერთ-ერთი პირველი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღეს, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ, ვეტერანის სტატუსი დღემდე არ აქვთ მინიჭებული, რის შესახებაც, მათ, თავიანთი გულისტკივილი გამოთქვეს.

შეხვედრაზე, კობა კობალაძემ ხაზი გაუსვა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების იმ თავდადებასა და თავგანწირვას, რომელიც მათ, 2008 წლის აგვისტოს ომში გამოავლინეს. განიხილეს მათთვის ომში მონაწილეობის ფაქტის დადგენისა და ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხი. კობა კობალაძე, მათ, აღნიშნული საკითხის არსებითად შესწავლას დაჰპირდა და პრობლემის მოქმედი კანონმდებლობისა და მასზე დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტაში, თანადგომა აღუთქვა.

 ამ მიზნით, მან, უწყების სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს დაავალა, შეესწავლა ყველა, არსებული სამართლებრივი დოკუმენტაცია. დეპარტამენტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საკითხის სამართლებრივ არსს, შეისწავლეს საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მოახდინეს მათი ანალიზი.

საკითხის იურიდიულად შესწავლის შემდეგ, კობა კობალაძემ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, ვეტერანის სტატუსის მაძიებელი პირებისთვის, კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რის შესახებაც, სტუმრებს, დღეს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.