მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ლევან ჭანკოტაძის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 28 მაისს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული უმცროსი ლეიტენანტის, ლევან ჭანკოტაძის ნეშტი, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები _ სამსონ ბრეგვაძე, მურთაზ გაბიტაშვილი, რეზო ვაშაკიძე, ლევან ჭანკოტაძის ოჯახის წევრები და ახლობლები.

ლევან ჭანკოტაძე, 1919 წელს, სოფელ წევაში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან მფრინავობაზე ოცნებობდა. 1940 წელს კი, რუსეთში, სასწავლებლად წავიდა_ ბავშვობის ოცნების ასრულება უნდოდა. საავიაციო სასწავლებელში მოეწყო. 1941 წელს, ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა. სამხედრო მფრინავი, ფაშიზმის წინააღმდეგ, თითქმის ომის დასრულებამდე იბრძოდა, თუმცა, 1945 წლის აპრილის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 77 წლის განმავლობაში, ოჯახმა, ლევანის შესახებ ვერანაირი ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო.

გასულ წელს, ფსკოვის ოლქში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო თვითმფრინავი იპოვეს, ორი სამხედრო მოსამსახურის ნეშტით. ნეშტების იდენტიფიცირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათგან ერთ-ერთი, ჩვენს თანამემამულეს, ლევან ჭანკოტაძეს ეკუთვნოდა. მას, თავის არეში, ორი ნატყვიარი ეტყობოდა.

77 წლის შემდეგ, ლევან ჭანკოტაძის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენება განახორციელეს ლევან ჭანკოტაძის ოჯახის წევრებმა და ა(ა)იპ ‘’ფონდმა დაბრუნებამ’’. ლევანის ნეშტი, საქართველოში, 18 მაისს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ კიდევ 8 ჩვენი თანამემამულის  ნეშტებთან ერთად ჩამოასვენეს და  სოფელ წევას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობდა; დღეს კი, ლევან ჭანკოტაძე, 77 წლის შემდეგ, მშობლიური სოფლის მიწას, სამხედრო პატივით მიაბარეს.

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!