მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, გაიმართა მიღება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საველე მეთაურების წარდგინების საფუძველზე, 2019 წლის 17 ოქტომბრის N 17/10/02 განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისთვის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მებრძოლი (მოხალისე) ავთანდილ იოსელიანი ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა (სიკვდილის შემდეგ).

პრეზიდენტის ამავე განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, ზურაბ ბენიძე, ზაურ თოდუა, გოჩა კვანტალიანი და ლაშა ქურასბედიანი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის, დავით ადამია, დავით ეფაძე, ზურაბ ფოფხაძე, ავთანდილ შონია და ჯამბულატ ხორავა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, გონერი ადეიშვილი, რომან ბერულავა, ნოდარ ლაკერბაია, ნუგზარ ფრიდანაშვილი, კახა ტაბაღუა, მერაბ ყურაშვილი, სლავიკ ხათხუა და ამირან ხურცილავა ვახტანგ გორგასლის  III ხარისხის, ხოლო კობა გოგრიჭიანი, გია გორგოძე, იგორ თოფურია, მერაბ მიქაძე, გიორგი უგრეხელიძე და ზვიად უგრეხელიძე მედლით ‘’მხედრული მამაცობისათვის’’ დაჯილდოვდნენ (სიკვდილის შემდეგ).

‘’ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოსათვის დაღუპულთა მიმართ პატივისცემა თაობიდან თაობაში გადადიოდეს. ქვეყნის მომავალი ამ მეხსიერებაზე შენდება; ერის მთავარი ღირებულებების შენარჩუნებისა და სახელმწიფოს გაძლიერებისთვის სწორედ ამ მეხსიერებას სჭირდება გაფრთხილება.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან 26 წელი გავიდა. დიდმა ტკივილმა და მსხვერპლმა ვერ უნდა დაგვხიოს უკან, პირიქით, მომავალზე სწორება – ესაა ჩვენი მთავარი გზა გამარჯვებისკენ, ოკუპაციის დაძლევისკენ, მავთულხლართების დარღვევისკენ, აფხაზებთან და ოსებთან შერიგებისკენ და ამ გზით საქართველოს გამთლიანებისკენ. შერიგება იქნება ჩვენი მთავარი გამარჯვება, რაზეც უნდა დაშენდეს გამთლიანებული საქართველოს მომავალი,’’_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

” მინდა, მადლობა გადავუხადო იმ საველე მეთაურებს, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი დაღუპული მეომრები,  სახელმწიფოს უმაღლეს ჯილდოებზე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გენერალ გიორგი ყარყარაშვილს, რომელიც იმ მძიმე დღეებში ჩვენი ალამი იყო; ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული საბრძოლო მოქმედებებში იმ წლებში, იცის რას ნიშნავდა გიას გვერდზე ყოფნა და ის დღესაც ჩვენთან არის და ჩვენთან ერთად იზიარებს ვეტერანების ყველა ტკივილს. განსაკუთრებით მინდა ოჯახის წევრებს ვუთხრა მადლობა, იმიტომ რომ ჩვენთვის გაცილებით უფრო ადვილი იყო იქ ყოფნა, ვიდრე თქვენთვის აქ ყოფნა და იმის მოლოდინი, რა მოხდებოდა. ეს ჩვენ გვესმოდა, ეს ჩვენ გვესმის… დიდი მადლობა ყველას ჩვენი დაფასებისთვის,”_ აღნიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ.

მიღებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია უყწების პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან ერთად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, თადარიგის გენერლები, ოფიცრები, ყოფილი საველე მეთაურები, ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თავმჯდომარე, აკაკი ვაშაკიძე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, დაჯილდოვებული მეომრების ოჯახის წევრები და ნათესავები.

მიღებას პრეზიდენტის სასახლეში, ასევე, ესწრებოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მურვანიძე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში საცხოვრებელი ბინა გადაეცა.

პრეზიდენტის სასახლეში წარმოდგენილი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოძრავი ფოტო-გამოფენა ‘’სამშობლოსათვის’’, რომელიც აფხაზეთის ომის კადრებსა და ომის მონაწილე მებრძოლებს ასახავს. ღონისძიებაზე ქართული სიმღერები შეასრულა საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერან ოფიცერთა სიმღერის ანსამბლმა ‘’მშვიდობა.’’