პრემიერ-მინისტრის ანგარიში 2021

Posted by nona shamatava

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა, ასევე ისაუბრა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.პრემიერმა სიტყვით გამოსვლა მოსახლეობისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის, რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში. ხალხი არის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის წყარო, ჩვენ, ხელისუფლებამ კი, მიღებული მანდატი გაკეთებული საქმით, ერთგულებითა და თავდადებით, შექმნილი სიკეთეებით ხალხსვე უნდა დავუბრუნოთ. ჩვენმა გუნდმა გამორჩეულად საქმიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, მოსახლეობას მასშტაბური და ამავდროულად რეალისტური, დროში გაწერილი გეგმები წარუდგინა და 63 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ არავის დავუხრით თავს, არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს. ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება!“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს დაგეგმილია მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმს შეადგენს და 5 500 დოლარს გადააჭარბებს.მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-ის ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატურად გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა პანდემიის დამარცხებაში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ მთავრობამ ქვეყანაში 5 მილიონამდე ვაქცინა ჩამოიტანა, დღეისთვის 2 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა და მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. „ევროკავშირმა აღიარა ქართული კოვიდ-სერტიფიკატები და საქართველო შეუერთდა ევროკავშირის შესაბამის ერთიან ციფრულ სისტემას“, – აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ასევე შეაჯამა ბრიუსელში გამართული ვიზიტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით დასრულდა. გარდა ამისა, მთავრობამ შეთანხმება გააფორმა უმსხვილეს კომპანია “Rothschild”-თან, რომელიც საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე, ასევე ინვესტიციებისა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და ევროკავშირთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, ასევე ყურადღება დაუთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. „ჩემს მიერ წარმოებული წარმატებული მედიაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება შედგა, ეს არის დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ნათელი მაგალითი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ანგარიშის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალ ინიციატივებზე, მათ შორის შრომისა და სოციალური პოლიტიკის, ასევე მედიკამენტების ფასებისა და ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღების კუთხით. „მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის. მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა უნდა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები შემცირდეს…ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებული ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებებზე საერთაშორისო რეიტინგებში და შეაჯამა თითოეული უწყების მიერ მიღწეული შედეგები, ასევე ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომელთა განხორციელება, ათწლიანი განვითარების გეგმებით არის გათვალისწინებული და მომავალი წლიდან დაიწყება. „დღეს, როდესაც ჩვენი საქმიანობის შედეგებს ვაჯამებთ და შემდგომ განვითარებაზე ვმსჯელობთ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავდაუზოგავად შრომობს ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის. მადლობა თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეული სამინისტროს ყველა თანამშრომელს, მადლობა ყველა მინისტრს გაწეული საქმისათვის, ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს, მადლობა პარლამენტს, პარლამენტის თითოეულ წევრს და ჩვენი ძლიერი გუნდის თითოეულ წევრს. მადლობას ვუხდი ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ჩვენს ნამდვილ მეგობრებს დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს წარმატებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს, მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, მადლობა ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, მადლობა ჩვენს ხალხს!მჯერა, ჩვენი საზოგადოება მთავრობის ინიციატივებს მხარს დაუჭერს და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს მთელი გულით, თავდადებით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, დავძლიოთ სიღარიბე, მშვიდობა და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, განვითარება და პროგრესი უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. მომდევნო წლები უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების და აღმშენებლობის წლები! ყველას დიდი მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიმშვიდეს და წარმატებულ ახალ 2022 წელს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის ანგარიშს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.