პრემიერ-მინისტრის განკარგულებით,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, კობა კობალაძე უხელმძღვანელებს

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი დირექტორი ჰყავს. მას გენერალ-მაიორი კობა კობალაძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სამსახურის დირექტორად კობა კობალაძის დანიშვნის განკარგულებას, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მოაწერა ხელი.

კობა კობალაძე დაიბადა თბილისში, 1969 წლის 7 ივლისს.

1987-1989წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური შორეულ აღმოსავლეთში; 1996 წელს დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო – სადესანტო სასწავლებელი ; 1999 წელს _  ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია _ შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით; ამავე წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

2001 წელს სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში; 

 2002 წელს, ქ.გარმიშში (გერმანია)  დაამთავრა ჯ.მარშალის სახ. სტრატეგიის ცენტრში დაგეგმილი უმაღლესი, აღმასრულებელი კურსი : ”მსოფლიო გლობალიზაციის საკითხები და ევრო ატლანტიკური სივრცის ინტეგრაცია აღმოსავლეთის სივრცეში. ”

2002 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკაში, სადაც ამერიკელ კოლეგებთან ერთად, შეიმუშავა საქართველოს გვარდიის რეორგანიზაციის უახლესი და პერსპექტიული გეგმები;  მიენიჭა ჯორჯიის შტატის საპატიო გვარდიელის წოდება. 

2002 წელს, თურქეთის სპეც-დანიშნულების სარდლის მიერ, მიწვეული გახლდათ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც გაეცნო მათ სტრუქტურას და მოქმედების სპეციფიკას.

2003 წლის მაისში, კვლავ იმყოფებოდა ქ.გარმიშში (გერმანია)   ჯ.მარშალის სახ. სტრატეგიის ცენტრში, სადაც გაიარა სრული კურსი: ”მსოფლიო ტერორიზმის განვითარების საფრთხე, მასთან ბრძოლის აუცილებლობა და მეთოდები. ”

2003 წელს, ქ.სან-რემოში (იტალია), დაამთავრა  სამხედრო კონფლიქტოლოგიის საერთაშორისო სამართლის კურსი. 

კობა კობალაძე  1990-იანი წლებიდან ჩაერთო საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში;  1991-1994წწ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; იყო ”შავნაბადას” სახელობის ცალკეული, სადაზვერვო ბატალიონის ჩამომყალიბებელი და მეთაური. ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიაში, პირველ, წარმატებულ საზღვაო დესანტს. იყო მე-11-ე ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე საბრძოლო მომზადებისა და დაგეგმარების დარგში; შემდგომ დაინიშნა ამავე ბრიგადის მეთაურად.

1999 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად;  2000 წელს _ საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად;  2001 წელს _ საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად;  

2004 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში; 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, აქტიურად იყო ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესში და დახმარებას უწევდა ძალოვნებს. ამავე წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს გენერალთა კლუბი”, სადაც გაერთიანებული იყო სამხედროების ინტელექტუალური, პრაქტიკული გამოცდილება; ორგანიზაციის ძირითად ამოცანას, ამ გამოცდილების ახალგაზრდა თაობისთვის წარმატებით გადაცემა წარმოადგენდა.

2009 წლის 5 მაისს, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დაპატიმრებულ იქნა ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის უშუალო განკარგულებით.  შემდგომში კი, მისთვის წაყენებული ბრალდების აბსურდულობიდან გამომდინარე, გამართლდა და არა ერთი, ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, პოლიტპატიმრად იქნა აღიარებული.

2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საარჩევნო ბლოკიდან ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, წარდგენილ იქნა მაჟორიტარობის კანდიდატად გლდანში, ავჭალა-გლდანის ხევის მუნიციპალიტეტში; გაიმარჯვა და არჩეულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს დეპუტატად.

2016 წელს, დაინიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად;  ამავე წელს, პარტიის ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”მიერ, წარდგენილ იქნა კანდიდატად გლდანის მე-20-ე მაჟორიტარულ ოლქში, გაიმარჯვა და არჩეულ იქნა საქართველოს  მე-9 მოწვევის  პარლამენტის წევრად. იყო პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2019 წლიდან კი _  ამავე კომიტეტის პირველი მოადგილე; ასევე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.

 არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი; სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი.

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გახლავთ ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენის კავალერი; მიღებული აქვს მედლები ”მხედრული მამაცობისათვის”, ”საბრძოლო დამსახურებისათვის” და სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის ოქროს სამკერდე ნიშანი. მიღებული აქვს არა ერთი საბრძოლო ჭრილობა.

ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.