მიმდინარე წლის 6 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევში, ჩატარდა უფასო სამედიცინო აქცია ადგილობრივი ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებთათვის.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, სამედიცინო კლინიკა “გასტროენტეროლოგის”, სამედიცინო ცენტრ “ვივამედის”, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა “გიდმედისა’’ და  გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის კვალიფიციურმა მედ-პერსონალმა.

ფართო პროფილის სამედიცინო მომსახურება გაეწია 200-ზე მეტ ბენეფიციარსა და ადგილობრივ მკვიდრს. ექიმის კონსულტაციის, დიაგნოსტირების და ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, პაციენტებს უფასოდ გადაეცათ მათთვის საჭირო მედიკამენტები.

აღსანიშნავია, რომ უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების _ პერევის, დარყას, ჯრიასა და ჭალას მცხოვრებთ, არამედ საოკუპაციო ხაზის მიღმა, ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი სოფლების: სინაგურის, თედელეთისა და ქარძმანის მკვიდრთაც, რომლებიც საგანგებოდ ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ პერევში.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები, დიმიტრი ხუნდაძე, პაატა კვიჟინაძე, ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის ’’ პრეზიდენტი, ქეთევან ბარათელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ამურ რევიშვილი, მოადგილე, ვალერი ჯაფარიძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნუგზარ კაიშაური,  საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ივანაშვილი.

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ” ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.