საქართველოს ეროვნული გვარდია 31 წლისაა

Posted by nona shamatava

დღეს საქართველოს ეროვნული გვარდია 31 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.

ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებული ბრძოლებისას, 650-მდე გვარდიელმა შესწირა სიცოცხლე სამშობლოს. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდნენ, რომელთაგან 11 რეზერვისტი ბრძოლის ველზე დაეცა. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირა თავისი სიცოცხლე!

2003 წლიდან, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ პოიტრისისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის რეკომენდაციით, ეროვნული გვარდიის რეორგანიზაცია დაიწყო, რის შედეგადაც, მუდმივი საბრძოლო ქვედანაყოფები გაუქმდა, მძიმე შეიარაღება და ტექნიკა რეგულარული ჯარების ნაწილებს გადაეცა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფების წვრთნები დაიწყო.
2015 წლიდან, საქართველოს ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) აქტიურად მონაწილეობს; ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული წარმატებულად მონაწილეობს, ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA).

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყველა ვეტერან გვარდიელს და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს ულოცავს ეროვნული გვარდიის დაარსების დღეს და დღეგრძელობას, კეთილდღეობას, მშვიდობიან, ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს!