სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საახალწლო მილოცვა

Posted by nona shamatava

ჩვენო სულიერო შვილებო, ვეტერანებო, გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. დაე, ბეთლემში შობილმა ყრმამ იმედითა და სულიერი სიხარულით აღგავსოთ, ოჯახების სიმტკიცე მოგცეთ და მშვიდობა და დღეგრძელობა მოგმადლოთ.
თქვენი სისხლით და ოფლით დანამულია ჩვენი მიწა. თქვენ იყავით იქ, სადაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა, სადაც მრავალმა ერთგულმა მამულიშვილმა გულწრფელად გაიღო სიცოცხლე ქვეყნისთვის.
იქ აფხაზებიც დაეცნენ, ოსებიც და სხვანიც… ისინიც ჩვენი ტკივილია.
შევთხოვ ღმერთს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ინსპირირებული კონფლიქტის შედეგები მშვიდობიანად აღმოიფხვრას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს და ამას, ვფიქრობ, მეორე მხარეც აუცილებლად გააცნობიერებს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი