ტარიელ შარიფაშვილის გახსენება

Posted by nona shamatava

დღეს, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალებიდან 28 წელი შესრულდა. მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, ტარიელ შარიფაშვილის თანამებრძოლები და მეგობრები, მის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკში იმყოფებოდნენ. მათ გმირის ბიუსტი, შემდეგ კი მისი საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

 ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, კასპის ბატალიონთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თითქმის ყველა ცხელ წერტილში იბრძოდა; მეთაური, ჯარისკაცთა შორის, განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისვცემით სარგებლობდა. სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მებრძოლის მშობლიური სოფლის, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი.