ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსენეს.

Posted by nona shamatava

სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსენეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამმართველოების თანამშრომლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი _ საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.