მიმდინარე წლის 25-26 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი შენი წილი სამშობლოს” ინიციატივით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ა(ა)იპ ‘’ საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის მხარდაჭერით,  35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე  გაიმართა ტურნირი მინი-ფეხბურთში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შვილებს შორის. ტურნირი ‘’ ვეტერანთა შვილები- ჯანსაღი ცხოვრებისათვის’’ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირში მონაწილეობას 8-16 წლამდე ასაკის 40 მოზარდისგან შემდგარი 6 გუნდი: ‘’თბილისი’’, ‘’გარეჯი’’, ‘’სოხუმი’’, ‘’აფხაზეთი’’, ‘’კოდორი’’ და ‘’სამაჩაბლო’’ მონაწილეობდა.

ტურნირის მსვლელობისას, ამხანაგური მატჩი გამართეს ამპუტანტმა ფეხბურთელებმაც.

ტურნირის გამარჯვებული გახდა ‘’კოდორი’’, რომელმაც ფინალურ მატჩში ‘’სამაჩაბლოს’’ სძლია. მესამე ადგილი კი _  ‘’სოხუმს’’ ხვდა წილად.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ‘’სოხუმის’’ მოთამაშე, ლუკა ხორავა დასახელდა, საუკეთესო მეკარედ, ‘’სამაჩაბლოს’’ გოლკიპერი, საბა ტიელიძე, საუკეთესო თავდამსხმელად _ ‘’კოდორელი’’ ლუკა მინჯია, საუკეთესო მცველად_ ლუკა სეტიელი  ’’ კოდორიდან’’ და საუკეთესო ნახევარმცველად ‘’ სამაჩაბლოს’’ წევრი, გიგი მაისურაძე.

გამარჯვებულ გუნდებსა და საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს ტურნირის ორგანიზატორის,’’დაიცავი შენი წილი სამშობლოს ’’სიგელები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის, მიერ დაწესებული თასები, მედლები და სპეციალური პრიზები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა_ გოჩა ჯამარაულმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანმა, თბილისის ’’დინამოს’’ ყოფილმა ფეხბურთელმა, გრიგოლ ცაავამ, თადარიგის პოლკოვნიკმა, დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილმა, ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვეტერანმა დავით ჩიხლაძემ გადასცეს.

ტურნირის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე, გოჩა ჯამარაულის მხარდაჭერით, ‘’მუშტაიდის ბაღში’’ წაიყვანეს და ბავშვებს ლამაზი სანახაობა მოუწყვეს. ‘’მუშტაიდის ბაღის’’ მენეჯერმა, ომის ვეტერანმა, ირაკლი ბითაძემ კი ვეტერანებსა და მათ შვილებს სიურპრიზად დაახვედრა მატარებელი ‘’თბილისი-სოხუმი’’, რომელშიც სტუმრები დიდი ემოციებით ჩასხდნენ.

ტურნირი ‘’ვეტერანთა შვილები – ჯანსაღი ცხოვრებისათვის’’ წელს პირველად გაიმართა და როგორც მისი ორგანიზატორი, “დაიცავი შენი წილი სამშობლოს”თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი, დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილი აღნიშნავს, ყოველწლიურად ჩატარდება.