უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

Posted by nona shamatava

უკრაინაში, კიევის ოლქის ქალაქ ირპენთან, რუს ოკუპანტებთან შეტაკებას, ორი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი ემსხვერპლა.

გიორგი ბერიაშვილი 1976 წლის 15 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა კაზრეთში დაიბადა. წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლი,  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი იყო.

დავით რატიანი დაიბადა 01.08. 1969 წელს, დაბა მესტიაში. დავითი აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ; 1992-1993 წლებში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მოხალისედ წავიდა; იყო ბატალიონ ’’სვანეთის’’ წევრი.

უკრაინაში, რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი, 2008 წლის ომის ვეტერანი, პოლიციის პოლკოვნიკი, ბახვა ჩიქობავა შეეწირა. არსებული ინფორმაციით, ბახვა ჩიქობავა 19 მარტს, დილით, მარიუპოლში დაიღუპა.

ბახვა ჩიქობავა 1967 წლის 3 ივნისს, სენაკში დაიბადა. იგი 2012 წლამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლიდან კი, უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ უკრაინელებს შეუერთდა და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, მათ მხარდამხარ იბრძოდა.

ბახვა ჩიქობავა ვახტანგ გორგასლის I, II, და III ხარისხის ორდენების კავალერი იყო. იგი, ასევე. დაჯილდოვებული გახლდათ სამკერდზე ნიშნით ‘’უმწიკვლო სამსახურისთვის’’.

რუს ოკუპანტებთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოცდილი ვეტერანები, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მოხალისეებად წავიდნენ და უკრაინელების მხარდამხარ, გმირულად იბრძოდნენ მოძმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის რუსი აგრესორების წინააღმდეგ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გმირი თანამემამულეების გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, თანამებრძოლებს, სრულიად საქართველოს და უკრაინას!

მსუბუქი იყოს მათთვის ქართული მიწა!

დიდება გმირებს!