ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოს რეგიონებში აღინიშნა

Posted by nona shamatava

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი საქართველოს რეგიონებშიც აღნიშნეს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დღესასწაული მიულოცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების უფროსებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 აპრილის N 688 განკარგულების თანახმად, ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, 1000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ( მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და ბავშვობიდან შშმ შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი )_ 500 ლარს.  საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის გამოყოფილ სასაჩუქრე ნაკრებთან ერთად, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, საკუთარი ბიუჯეტიდან, სხვადასხვა სახის ერთჯერადი სოციალური დახმარებები და სასაჩუქრე პაკეტები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, საქართველოს ყველა რეგიონში გადასცეს.

უახლესი მონაცემებით, დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 263 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეს ითვლის.