ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოს რეგიონებში აღინიშნა

Posted by nona shamatava

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წელი, საქართველოს რეგიონებშიც აღნიშნეს. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დღესასწაული  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამმართველოების თანამშრომლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს და  სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

უახლესი მონაცემებით, დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეს ითვლის, ან საუკუნეზე მეტია; მათგან ყველაზე უხუცესი, ზესტაფონის მკვიდრი, ალექსანდრე ბუსკივაძეა, რომელსაც მიმდინარე წლის 1 ივლისს, 104 წელი შეუსრულდება, ხოლო ყველაზე უმცროსი_ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე, 84 წლის სვეტლანა ეფიმოვაა. ყველაზე უხუცესი ვეტერანი ქალბატონი კი, სამხედრო ექიმი, თბილისელი, 103 წლის მერი მაღრაძე გახლავთ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, 1000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ( მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და ბავშვობიდან შშმ შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი )_ 500 ლარს.