ქართველ და ამერიკელ ვეტერანთა შვილების ონლაინ შეხვედრა გაიმართა

Posted by nona shamatava

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ამერიკელი და ქართველი ვეტერანების შვილების ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული პროექტი, ბონი ქეროლის ინიციატივით ხორციელდება, რომელიც ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი გენერლის, ტომი ქეროლოს მეუღლეა. ბონი ქეროლმა, მარჩენალდაკარგულების დასახმარებლად, 1994 წელს,  ორგანიზაცია „Tragedy Assistance Program for Survivors” დააარსა და მათ მხარდასაჭერად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებსა და ღონისძიებებს, ატარებს სემინარებს.

შეხვედრაში, საქართველოს მხრიდან, მონაწილეობა მიიღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, შმაგი სოფრომაძის ვაჟებმა, ზაზა და გიგი სოფრომაძეებმა და აგვისტოს ომის გარდაცვლილი ვეტერანის, გიორგი ზანდარაშვილის შვილმა, ანანო ზანდარაშვილმა. ბავშვებმა, ონლაინ ჩართვის დროს, ერთმანეთს მამების შესახებ მოგონებები გაუზიარეს და მათთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ამერიკელი და ქართველი  ვეტერანების შვილების დამეგობრებას და მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში, ეს რიგით მესამე შეხვედრაა და ის მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამერიკულ მხარესთან ერთად, სამომავლოდ გეგმავენ სხვადახვა პროექტების განხორციელებას, რომლებშიც ქართველი ვეტერანების და გარდაცვლილი მებრძოლების შვილები იქნებიან ჩართულები.