ყვარლელი ვეტერანებისათვის უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 30 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს.

კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 100 ბენეფიციარს. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ჩაფიძის გულის ცენტრის მედიკოსთა 15-კაციანი ჯგუფი ემსახურებოდა. აქციის ფარგლებში, გამოკვლევები, ადგილობრივ მოსახლეობასაც ჩაუტარდა.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვლავ 5 წლით გაგრძელდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 127 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 11 482 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.