შეხვედრა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის კოორდინატორთან

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის კოორდინატორს, თუბა ოზუთოქს და მის მოადგილეს, სალიჰა გიუნერ ბაირაქდარს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, სტუმრებს, უკვე გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო საზოგადოებაში ვეტერანთა მეტად ინტეგრაციის, მათი პოტენციალის უფრო ფართოდ გამოყენებისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერისთვის ერთობლივი პროგრამების შემუშავებას და მათ განხორციელებაში თურქული მხარის როგორც ინტელექტუალურ, ასევე, ფინანსურ თანადგომას.

თუბა ოზუთოქმა განაცხადა, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომისთვის რამდენიმე პროექტის დამუშავებას და მათ მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებას აპირებს. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ახალგაზრდა კადრების გადამზადების მიზნით, მათი ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის ერთობლივი პროგრამების მნიშვნელობას და ქართულ მხარეს, სამომავლოდ, ამ მიმართულებით დახმარება აღუთქვა.

შეხვედრას,ასევე,ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (“TIKA“) თურქეთის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე წელია, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში, ახორციელებს ერთობლივ პროექტებს _ ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის მიმართულეებით. აღსანიშნავია TIKA-ს თანადგომა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზის მოწყობასა და აღჭურვაში.