შშმ ვეტერანებს ადაპტირებული სამედიცინო ეტლები გადაეცათ

Posted by nona shamatava

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა შშმ ვეტერანებს: ბენია გიორგაძეს და გუალ ხვისტანს ადაპტირებული სამედიცინო ეტლები გადასცა. შშმ ვეტერანებისთვის, ეტლების გადაცემა მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საერთაშორისო ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის გაფორმდა.

 სამსახური ასოციაციასთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, სამსახურთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა; ხონში, წყალტუბოში, სიღნაღში, ნიქოზში, ვაზიანში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასოციაციის ძალისხმევით, მრავალპროფილური მედიკოსთა გუნდის მიერ, უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ და მათთვის საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ; 150- მდე შშმ ვეტერანი კი _ ეტლ-სავარძლებითა და გადაადგილებისათვის საჭირო, სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით იქნა უზრუნველყოფილი.

აქცია კვლავაც გაგრძელდება და ეტლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები ეტაპობრივად მიიღებენ.