ჩაფიძის გულის ცენტრმა 129-ე საქველმოქმედო აქცია ახმეტაში ჩაატარა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 28 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 129-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები).

აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 82 ბენეფიციარს, განხორციელდა 328 ვიზიტი. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ჩაფიძის გულის ცენტრის მედიკოსთა 8 კაციანი ჯგუფი ემსახურებოდა.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლები_ თამაზ კალატოზიშვილი, ბესო ყალამაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, ზურაბ ფილაშვილი, მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, ნათელა ექვთიმიშვილი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვლავ 5 წლით გაგრძელდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 129 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 11 725 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.