ჩაფიძის გულის ცენტრმა 130-ე საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში ჩაატარა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 25 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 130-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია,  შ.პ.ს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  ზუგდიდის  პოლიკლინიკაში  ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები).

საქველმოქმედო-სამედიცინო აქციაში მონაწილეობა გ.ჩაფიძის გულის ცენტრის მედიკოსთა 18 კაციანმა ჯგუფმა მიიღო. აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 111 ბენეფიციარს – 55 ვეტერანს და 56 ვეტერანის ოჯახის წევრს. განხორციელდა 444 სამედიცინო ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი ვაჟა დალაქიშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქველმოქმედო -სამედიცინო აქციის გამართვაში გაწეული თანადგომისთვის მადლობას უხდის აფხაზეთის ა/რ მთავრობასა და შ.პ.ს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  ზუგდიდის  პოლიკლინიკის ხელმძღვანელობას.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვლავ 5 წლით გაგრძელდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 130 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 11 836 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.