ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, რიგით 131-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები )

კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 38 ბენეფიციარს. განხორციელდა 90-ზე მეტი ვიზიტი. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, დღეს, ჩაფიძის გულის ცენტრის 5 ექიმი და 5 თანამშრომელი ემსახურებოდა.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვლავ 5 წლით გაგრძელდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 131 საქველმოქმედო სამედიცინო აქციების ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურება 11 874 ბენეფიციარს გაუწიეს.

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.