17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა!

Posted by nona shamatava

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საპატრიარქოს, ბიზნესსექტორის, სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები დაესწრნენ.

 ‘’რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის,  თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი. თქვენს მაგალითებზე უნდა აღვზარდოთ ჩვენ ახალგაზრდა თაობები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ვეტერანების დაფასებაა ჩვენი და ჩვენი მთავრობის ვალი და მე გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენი ღვაწლის დასაფასებლად. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით, მადლობას გიხდით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ ვეტერანს სამშობლოს ერთგულებისთვის და თავდადებისთვის: ‘’ჩემო ვეტერანებო, ჩემო ძმებო, დებო, ჩემო თანამებრძოლებო! მინდა, გულწრფელი სიყვარულით მოგილოცოთ თქვენი დღე, ჩვენი დღე! კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიყო თქვენი ოჯახის ხელმძღვანელი ჩემთვის დიდი პატივი, პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავე დროს, დიდი ტვირთია_ ბევრი თქვენგანი ჩემზე ღირსეულია თავისი ბრძოლითაც და სიცოცხლითაც, ჭირთა თმენით თუ სიხარულით!  ჩვენ მძიმე, მაგრამ გააზრებული ნაბიჯებით ვივლით ჯერ ერთმანეთის, შემდეგ კი აფხაზებისა და ოსებისკენ და ყველანი ერთად კი _ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი საქართველოსკენ, რომლისთვისაც დღესაც მზად ვართ, სიცოცხლე გავწიროთ!’’_აღნიშნა კობა კობალაძემ.

საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოლოცვა წაკითხა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მეომართა დაჯილდოების ცერემონია. ომში დაღუპლთა ოჯახის წევრებს, სახელმწიფო ჯიდლოები კობა კობალაძემ, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში, ანგი ხუციშვილმა გადასცეს.

დღევანდელი დღე, ტრადიციულად, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების გაიხსებით დაიწყო. კობა კობალაძემ, მოადგილეებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.