17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით, 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან სამსახურის წარმომადგენლებთან და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივის კიდევ ერთხელ მიაგებს.

17:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშესთან ერთად ეწვევა ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტალს, (კედიას ქ. N7; ყოფილი კახოვკის ქუჩა) რომელსაც ამერიკული მხარის თანადგომით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.

“17 ოქტომბერი არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს.

დღეისათვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000- მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების მონაწილეები, 2008 წლის აგვისტოს ომის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.

საქართველოში ყველაზე უხუცესი ვეტერანი გახლავთ, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ზესტაფონის მკვიდრი, 104 წლის ალექსანდრე ბუსკივაძე”,- ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.