დღეს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოში უკრაინის სამხედრო ატაშესთან, ევგენი ორლოვთან, საელჩოს წარმომადგენლებთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ სამწუხარო დღეა დღეს. ჩვენ 26 წელია უაფხაზეთოდ ვხვდებით ერთმანეთს. მოვდივართ ჩვენ მეგობრებთან, რომლებმაც თავი შესწირეს აფხაზეთს. კარგია, რომ დღეს ამდენი ხალხია მოსული, თავის პრობლემებით არიან მოსულები, მაგრამ მჯერა, რომ ეს საკითხები გადაიჭრება და აფხაზეთის საკითხიც მშვიდობიანად მოგვარდება,“- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

“თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დღეს ყველაზე მძიმე, ყველაზე მტკივნეული დღეა, არ აქვს მნიშვნელობა თაობებს. ეს ის დღეა, როდესაც 26 წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამის შემდგომ, ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, გავიზარდეთ, როგორც ჩვენ, ასევე აფხაზები. ბევრი რამ გვაერთიანებს, გვაერთიანებს ის, რომ ომი იყო ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შემდგომში ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. მშვიდობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ქართველებისთვის, ისევე აფხაზებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, ომი არ არის გამოსავალი. შრომა, 24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო _  ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ.”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

‘’ჩვენ აქ მოვედით, რათა პატივი მივაგოთ იმ ქართველ და უკრაინელ გმირებს, რომელთაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შესწირეს სიცოცხლე. აქ, ამ მემორიალზე ქართველ მებრძოლთა სახელების გვერდით, 14 უკრაინელი მეომრის სახელები წერია. ვამაყობთ, რომ ჩვენი თანამემამულენი ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ რუსი აგრესორის წინააღმდეგ… დიდი მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება, დღეს, ამ მემორიალთან, თქვენთან ერთად ვყოფილიყავით’’_ განაცხადა საქართველოში უკრაინის საელჩოს მდივანმა, ტეტიანა კოვპაკმა.

სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო კავკასიელი კონფედერანტების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა;  300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი უსახლკაროდ დარჩა.